სიახლეები
პირად მცველთა VIII მსოფლიო ჩემპიონატი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა მოლდოვას რესპუბლიკის ქ. კიშინიოვში გამართულ რიგით მე-8 პირად მცველთა მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა. აღნიშნული ჩემპიონატი შემდეგ სახეობებს მოიცავდა: ფორმაციაში თავდასხმის მოგერიება; ხელჩართული ბრძოლა; სროლის სამი სხვადასხვა სახეობა; ავტომობილის ექსტრემალური მართვა; ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის მიზნით, ავტომობილის დათვალიერება; დაჭრილი დასაცავი პირის ევაკუაცია ბარიერების გადალახვით.
პირად მცველთა ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაცვის სამსახურები. ჩემპიონატის მიზანია პირად მცველთა მომზადების საერთო დონის ამაღლება, დაცვის თანამშრომლისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება.
ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც დაესწრო, რომელიც მოლდოვას რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ანზორ ჩუბინიძემ, ჩემპიონატში მონაწილე ქვეყნების დაცვის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად, შეხვედრა გამართა მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ გეორგე ბალანთან. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზები დასახეს. ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს პირად მცველთა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. იხ. ფოტოალბომი