სიახლეები
საერთაშორისო ჩემპიონატი - ''პირადი მცველი 2018''
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განახლებული ინფრასტრუქტურით პირად მცველთა საერთაშორისო ჩემპიონატს ,,პირადი მცველი 2018“ მასპინძლობს. სამსახურის სასწავლო ცენტრში უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საფეხბურთო მოედანი სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ შინაგან საქმეთა მინისტრ, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინსფრასტრუქტურის მინისტრ, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და კოლეგა სამსახურების ხელმძღვანელები დაესწრნენ. პირად მცველთა ჩემპიონატი 1999 წლიდან ყოველწლიურად იმართება. წელს ასპარეზობის მასპინძელი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურია. მასში 10 ქვეყნის სახელმწიფო და კერძო დაცვის სამსახურების 16 გუნდი მონაწილეობს. ასპარეზობა 8 საშეჯიბრო სახეობაში გაიმართება: დაცვითი ტაქტიკისა და ტექნიკის დემონსტრირება დასაცავ პირთან ერთად ქვეითად გადაადგილებისას, ინდივიდუალური სროლა სხვადასხვა მდგომარეობიდან, ავტომობილიდან სროლა, სროლა დასაცავ პირთან ერთად ქვეითად გადაადგილებისას, ხელჩართული ბრძოლა, ავტომობილით დაბრკოლებათა ხაზის გადალახვა, დასაცავი პირისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ევაკუაცია, ავტომობილში იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა. ჩემპიონატის მიზანია პირადი მცველის პროფესიის პოპულარიზაცია და მონაწილე ქვეყნების დაცვის სამსახურებს შორის დაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. ჩემპიონატი 24 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. იხ. ფოტოალბომი